11.04.2014 - „მარნეული აგროს“ ბოსტნეულის წარმოებას ექსპერტი ჯიმ ნეიბაუერი სტუმრობს

USAID-ის  პროგრამის "ფერმერი ფერმერს" ფარგლებში, ბოსტნეულის წარმოების ექსპერტი, ჯიმ ნეიბაუერი, „მარნეული აგროს“ სტუმრობს. ამერიკელი ექსპერტი კომპანიის 2014 წლის სეზონისთვის მზადებისას, რამდენიმე კვირის განმავლობაში, მიწის დამუშავების და ჩარგვის პროცესებს აკვირდება და სამეურნეო საკითხებში საკუთარ გამოცდილებას უზიარებს.

კომპანია ინფორმაციას ბოსტნეულის მოყვანის პროცესებთან დაკავშირებით შემდგომ ეტაპებზეც მიიღებს; მოხდება საკუთარი რჩევებისა და რეკომენდაციების გაზიარება იმასთან დაკავშირებით, თუ რა ქმედებებია აუცილებელი მოსავლის რაოდენობის გასაზრდელად.

სტუმარმა, ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, საწარმოში მიმდინარე საგაზაფხულო სამეურნეო სამუშაოები დაათვალიერა და „მარნეული აგროს“ პოტენციალი, სოფლის მეურნეობის განვითარების კუთხით, დადებითად შეაფასა.

„საქართველოში ამ  მისიით უკვე მეოთხედ ვიმყოფები. აქედან 3 ვიზიტის ფარგლებში ვმუშაობდი „მარნეული აგროსთან“. სოფლის მეურნეობის დარგი ყველაზე რთული, მაგრამ, ამავდროულად, ყველაზე საინტერესო სფეროა. „მარნეული აგრო“-მ საკმაოდ დიდი გამოცდილება დააგროვა და საქმიანობას კარგად ართმევს თავს. პირდაპირი ჩათესვა არის მთელს მსოფლიოში საუკეთესო და აპრობირებული მეთოდი, ამას კი „მარნეული აგრო“  ეფექტურად  აკეთებს,“ - განმარტავს ჯიმ ნეიბაუერი.

„ჯიმ ნიუბაუერი უკვე მესამედ გვსტუმრობს და საკმაოდ საინტერესო რეკომენდაციებსაც იძლევა. კერძოდ, წელს, პრობლემა გვქონდა, პომიდვრის წვეროს სიდამპლის კუთხით, რაც 40 პროცენტით ასუსტებდა მოსავალს. მან გაგვიზიარა საკუთარი გამოცდილება ამ პრობლემასთან მიმართებაში და საინტერესო რეკომენდაციები მოგვცა. ზოგადად, აღნიშნულ პრობლემას სამი რამ განაპირობებს; თესლი არ არის რეზისტენტული, მორწყვა არათანაბარია და სასუქი ნაკლებად მრავალფეროვანია. პირველი საკითხი გამოვრიცხეთ, რადგან თესლს  ჩვენ საკმაოდ ცნობილი ბრენდებისგან ვყიდულოთ. ამ ეტაპზე ყურადღებას მივაქცევთ მორწყვას, ასევე, წელს სასუქების შემადგენლობაშიც ცვლილებებს შევიტანთ,“ -  განმარტავს  „მარნეული აგროს“  დირექტორი ვანო ცუკილაშვილი.

 
Copyright © 2013 Marneuli Food Factory LTD
Created By Studio Lemon