09.04.2014 - „მარნეული აგროში“ საგაზაფხულო სამეურნეო სამუშაოები დასასრულს უახლოვდება

საწარმოში კიტრის მოსავალს მაისის ბოლოს ელიან

„მარნეული აგროში“, 2014 წლის სეზონისთვის დაწყებული საგაზაფხულო სამეურნეო სამუშაოების ძირითადი ნაწილი დასასრულს უახლოვდება.  პირველი ეტაპი, რომელიც კიტრისა და პომიდვრის ჩითილების გამოყვანას მოიცავდა, დასრულდა. შერჩეული იყო სპეციალური, ინდუსტრიული წარმოებისთვის განკუთვნილი ჯიშები.

“ამ ეტაპზე უკვე მიმდინარეობს კიტრის ჩათესვა ღია გრუნტში. ამ სახით ჩათესილი კიტრის უპირტესობას კარგად განვითარებული ფესვი განსაზღვრავს, ამასთან, მოსავლის ხანგრძლივობა მეტხანს გაგრძელდება. ამ მოსავალს მაისის ბოლოს ველოდებით. წელს ეს ნათესები 26 ჰექტარს მოიცავს, რაც შარშანდელთან შედარებით გაცილებით მეტია, შესაბამისად, მეტ მოსავალს ველოდებით,“ - განმარტავს „მარნეული აგროს“დირექტორი ვანო ცუკილაშვილი.

“მარნეულის სასურსათო ქარხანა” წარმოების მოცულობის გაზრდას გეგმავს; შესაბამისად, გაიზარდა დამუშავებული ფართობის რაოდენობაც. მოსავლის აღების ტექნოლოგიების გაუმჯობესების მიზნით, კომპანიამ შეისყიდა დამატებითი ტრაქტორები და კიტრის საკრეფები. გერმანიიდან კიტრის სამი ახალი საკრეფი მანქანა აპრილის ბოლოს ჩამოვა; ასევე, მოხდა ინვესტირება მისაბმელებში, მარნეული აგროს ტექნიკის პარკს 8 ახალი მისაბმელი შეემატა, რომელიც აღებული მოსავლის სწრაფ გადატანას უზრუნველყოფს. აღნიშნული ინვესტიცია გაამარტივებს მინდვრიდან ქარხნამდე ნედლეულის მიწოდების პროცესს, რაც თავის მხრივ, გაზრდის წარმოებული პროდუქციის ხარისხს. კიტრის პირველ მოსავალს მარნეულის სასურსათო ქარხანა მაისის ბოლოდან ელოდება. ქართველ მომხმარებელს კი საშუალება ექნება ქართულ  მიწებზე მოყვანილი კიტრი 200 მლ - 18 კგ შეფუთვებში  შეიძინოს.

რაც შეეხება პომიდვრის მიღებას, პომიდვრის გადამუშავება ივლისის შუა რიცხვებიდან იწყება და სექტემბრამდე გრძელდება. ქარხანას ნედლეულით საკუთარი მეურნეობა „მარნეული აგრო“ და ადგილობრივი ფერმერები ამარაგებენ. პროდუქციის მიღების შემდეგ, პომიდვრის გადამუშავება Fenco-ს იტალიური დანადგარით ხდება, რომლის წარმადობა დღე-ღამეში 500 ტონას აღწევს. ავტომატიზირებული საწარმოო პროცესი პროდუქტის მაღალ ხარისხს სრულად უზრუნველყოფს.

 
Copyright © 2013 Marneuli Food Factory LTD
Created By Studio Lemon